ისტორია

ისტორია

მშენებლობის ეკონომიკისა და მენეჯმენტის #107 დეპარტამენტი


მშენებლობის ეკონომიკისა და მენეჯმენტის #107 დეპარტამენტი ჩამოყალიბდა 2014 წელს ყოფილი  სამშენებლო წარმოების ეკონომიკის, ორგანიზაციისა და მენეჯმენტის #23 კათედრის ბაზაზე. აღნიშნული კათედრა, როგორც  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეული  ფუნქციონირებდა 1934 წლიდან.
      თავისი არსებობის 82 წლიან პერიოდში პედაგოგ–მასწავლებლების რამოდენიმე თაობათა მტკივნეული ცვლა ხასიათდებოდა სასახელო საინჟინრო–სამეცნიერო და პედაგოგიური ბიოგრაფიით, რომელთა  შორის იყვნენ: ივანე გაბუნია, ივანე შჩუკლინი, ნიკოლოზ მატვეევი, ნიკოლოზ თუხარელი, ნიკოლოზ კორინთელი, შალვა სირაძე, შალვა დობორჯგინიძე, ივანე ბეთანელი,  აბესალომ ჭანტურია, ჯემალ ჩოგოვაძე,  ჟანა კომპანიონი, ირაკლი კაკულია, ოთარ ცინცაძე, კობა მაევსკი, რიჩარდ კაკაურიძე, გელა სადუნიშვილი, ვანო დეკანოზიშვილი, ქეთევან გოლაშვილი, ქეთევან დარიალაშვილი და სხვები. მათ მიერ ცალკეული დისციპლინების სწავლების  სრულყოფის, ასევე ქვეყნის სამშენებლო კომპლექსის ეფექტური ფუნქციონირებისა და სტრატეგიული განვითარების კურსის განსაზღვრის მიზნით სხვადასხვა პერიოდში შემუშავებული მეთოდური და მეთოდოლოგიური საკითხები, დღევანდელი გადასახედიდან კვლავაც მნიშვნელოვან ყურადღებას იმსახურებს.
          1963 წელს კათედრა ორად გაიყო და შეიქმნა მეორე -„სამშენებლო წარმოების, ტექნოლოგიისა და საშენი მასალების“ #75 კათედრა.
        სამშენებლო წარმოების ორგანიზაციის და მართვის კათედრას სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელობდნენ ცნობილი მეცნიერები ივანე შჩუკლინი, ნიკოლოზ მატვეევი, დიმიტრი ჩოგოვაძე, აბესალომ ჭანტურია და ჯემალ ჩოგოვაძე. 
      2015 წლის თებერვლიდან დღემდე #107 დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პროფესორი ელინა ქრისტესიაშვილი. მიმართულებაზე მოღვაწეობენ სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორები: რევაზ მახვილაძე, თემურ ამყოლაძე, რაულ პატარაია,  გურამ ცინცაძე, კობა ჯინჭარაძე, გრიგოლ ხოფერია, მურმან ბაქრაძე და  ია ხართიშვილი. 
    საბაზრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამკვიდრებამ მნიშვნელოვნად გაზარდა ყველა დონის მენეჯერის ადგილი და როლი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. გლობალურმა გამოწვევებმა და ეკონომიკის ცალკეულ სექტორებში თანმდევმა რეფორმებმა ახალ სიბრტყეზე წარმოაჩინა თანამედროვე მენეჯერთა მიზნები და ამოცანები. ვერც ერთ დარგსა თუ სფეროს ვეღარ გამოადგება დირექტივებით მართული მენეჯერები, მომავალმა წარმატებულმა  მენეჯერმა ცალკეულ მშენებლობებზე სამუშაოთა ტრადიციული წარმართვა უნდა შეავსოს ახალი მეთოდებით, რომლებიც დაეხმარება გაურკვევლობიდან გამოსვლასა და მრავალმიმართულებიანი ამოცანების წარმატებით გადაწყვეტაში. გაძლიერებული კორპორაციული კონკურენცია, ტექნოლოგიური ცვლილებები, ინფლაციის და პროცენტული განაკვეთების ცვალებადობა, ძნელად პროგნოზირებადი ეკონომიკური განვითარება მთელს პლანეტაზე, სავალუტო გაცვლითი კურსის მუდმივი რყევები, საგადასახადო კოდექსში ხშირი, მნიშვნელოვანი ხასიათის ცვლილებები, ბიზნესში მონაწილე მხარეების ეთიკური საკითხები, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი, ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორებია,  რომ კრიზისული სიტუაციების პირობებში, თანამედროვე სამშენებლო კომპანიას  მხოლოდ მენეჯერის მნიშვნელოვანი ძალისხმევა და კომპანიის აღნიშნულ  ცვალებად გარემოსთან შეგუება  გადარჩენს. 
        სამშენებლო საქმის წარმატებული მენეჯერი ერთნაირად კარგად უნდა აცნობიერებდეს მენეჯმენტური ჩვევების გამომუშავებასთან დაკავშირებულ როგორც ტექნიკური, ასევე ეკონომიკური ხასიათის დისციპლინებს.     ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების დონეს მნიშვნელოვანწილად სწორედ  სამშენებლო საქმიანობის აღმავლობა განსაზღვრავს. მშენებლობაში დასაქმებული და ინვესტიციების განმკარგავი სპეციალისტი ფინანსური ნაკადების მოძრაობის გარდა  უნდა ფლობდეს საინჟინრო ხელოვნებასაც. მასალა ნაკეთობათა და კონსტრუქციული ელემენტების გაანგარიშებას და გამოყენებას ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამისი მიმართულების პროფესორ-მასწავლებლები შეასწავლიან, ხოლო ეკონომიკურ–მენეჯერული უნარ–ჩვევების გამომუშავება უნდა ხდებოდეს ეკონომიკური დისციპლინების გაღრმავებული შესწავლით თანამედროვე მსოფლმხედველობითი კონცეფციების დონეზე, რასაც ასევე ჩვენი დეპარტამენტი უზრუნველყოფს.
    საყოველთაოდ აღიარებულია, რომ მშენებლობის მენეჯმენტი არის მეცნიერებისა და ტექნიკის სფერო, რომელიც შეისწავლის ნებისმიერი სახის მშენებლობასთან დაკავშირებულ დაპროექტების, სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის, დაფინანსება–დაკრედიტებისა და მენეჯერული, მარკეტინგული საქმიანობის საკითხებს როგორც ახალი მშენებლობის, ასევე არსებული შენობა–ნაგებობების ექსპლუატაციის პირობებში.  მშენებლობის მენეჯერს ყველა სფეროში (სამეწარმეო ბიზნესი, მარკეტინგი, ფინანსები, საბანკო საქმე, საშუამავლო ოპერაციების, ინოვაციები, სადაზღვევო და საგადასახადო საქმე, და სხვა), უნდა გააჩნდეს ღრმა თეორიული ცოდნა და მისი პრაქტიკული გამოყენების უნარი, ფლობდეს ტექნიკურ  და საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლებს, საქმიანი მოლაპარაკებების წესებს, ერკვეოდეს ყველა სახეობის მშენებლობისა და ორგანიზაციის მართავში შესაბამისი უნარ–ჩვევებით და კარგად გათვიცნობიერებული პროფესიული პასუხისმგებლობით,   შეეძლოს კომპლექსური პრობლემების ამოცნობა, მათი იდენტიფიცირება და გადაჭრა შესაბამისი ცოდნისა და ეთიკური ნორმების გამოყენებით.
თანამედროვე მოთხოვნებიდან გამომდინარე, უკანასკნელ პერიოდში #107 დეპარტამენტის მიერ პოლარულად შეიცვალა დამოკიდებულება სამშენებლო ფაკულტეტზე ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადებასთან დაკავშირებით. მომზადდა და აკრედიცია გაიარა ბაკალავრიატის ახალმა საგანმანათლებლო პროგრამამ „მშენებლობის მენეჯმენტის“ სპეციალიზაციით. პროგრამით განისაზღვრა ისეთი დისციპლინების შესწავლა, როგორიცაა:  „ბიზნესის წარმოების საფუძვლები“, „საშენი მასალები და ნაკეთობები“, „მენეჯმენტის საფუძვლები მშენებლობაში“, „კონტრაქტების სისტემები მშენებლობაში“, „შრომის უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა“, „ადამიანური რესურსების მენეჯმენტი“, „ინოვაციური მენეჯმენტი მშენებლობაში“, „სტრატეგიული მართვა“, „სამოქალაქო და სამრეწველო შენობების აგების ტექნოლოგია“, „საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი“, „სამშენებლო პროექტირების ეკონომიკა და ორგანიზაცია“, „სამშენებლო წარმოების დაგეგმვა“, „საგადასახადო საქმე“,  „მარკეტინგი“, „ხარისხის მენეჯმენტი მშენებლობაში“, „მშენებლობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა“ და სხვა. ზემოთ ჩამოთვლილი საგნების შესწავლა მნიშვნელოვნად აამაღლებს ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადების დონეს „მშენებლობის მენეჯმენტის“ სპეციალიზაციით და კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს წარმოაჩენს მათ დასაქმების სფერში.         
         პროზაული შედარებით არქიტექტორი შენობების შემომქმედი ანუ დედაა, კონსტრუქტორი – მამად გვევლინება, ხოლო აღმშენებლი მენეჯერია, რომელიც ინვესტორს არწმუნებს ჩანაფიქრის განხორციელებაში, ანუ ხელს უწყობს ქაღალდზე აღბეჭდილ პირმშოს დავაჟკაცების პროცესს.