№106 დეპარტამენტის ისტორია

№106 დეპარტამენტის ისტორია

ისტორია

№106 დეპარტამენტის „ავტომატიზებული დაპროექტების სისტემები“ დაარსდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 1985 წელს და ყოფილ საბჭოთა კავშირში
წარმოადგენდა ერთ–ერთ პირველ კათედრას. იგი გახდა მაპროფილებელი 1986 წლიდან.
ამავე წლებში იქმნება ანალოგიური სპეციალობის კათედრები ყოფილი საბჭოთა კავშირის
ბევრ ქალაქში (მაგ., მოსკოვის სამშენებლო ინსტიტუტში, უკრაინაში, ბელორუსიაში),
უცხოეთში (ინგლისში, გერმანიაში, ჰოლანდიაში და ა. შ.), რომლებიც დღესაც დიდი
წარმატებით აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას.
სამშენებლო მრეწველობის განუხრელმა ზრდამ სრულიად ახალი მოთხოვნები წაუყენა
საპროექტო ორგანიზაციებს და ინსტიტუტებს. მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნილებები
საპროექტო დოკუმენტაციის რაოდენობაზე, მათ ხარისხზე. მარტო დამპროექტებელთა
რაოდენობის ზრდით, მათი კვალიფიკაციის ამაღლებით შეუძლებელია საპროექტო საქმის
შემდგომი პროგრესი. ერთადერთ სწორ გზას ამ ამოცანის გადასაწყვეტად წარმოადგენს
დაპროექტების პროცესში თანამედროვე მათემატიკური მეთოდებისა და გამოთვლითი
ტექნიკის საშუალებების გამოყენება, დაპროექტების ტექნოლოგიური პროცესის მანქანურ
ტექნოლოგიაზე გადასვლა.
ავტომატიზებული დაპროექტების სისტემების დამუშავების, დანერგვისა და მათი
ექსპლუატაციისათვის საჭირო შეიქმნა სრულიად ახალი კატეგორიის სპეციალისტის
მომზადება. ისეთი სპეციალისტისა, რომელიც შეძლებდა ამ ამოცანების გადაწყვეტას.
სამშენებლო ფაკულტეტზე სწორედ ამ მიზნით გაიხსნა აღნიშნული კათედრა.
კათედრის (მიმართულების) დაარსების მიზანი მდგომარეობდა 2203 სპეციალობის
(ინჟინერ–სისტემოტექნიკოსის) ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადება მათი
არქიტექტურულ–სამშენებლო დარგში ავტომატიზებული დაპროექტების სისტემების
შექმნისათვის და აგრეთვე არსებული სისტემების ექსპლუატაციისათვის
(მომსახურებისათვის). 1985 წლიდან არ ხდებოდა ამ პროფილის ახალგაზრდა
სპეციალისტების მომზადება, თუმცა დაპროექტების პროცესის ავტომატიზაციის
დანერგვაზე მოთხოვნილების ყოველწლიურმა ზრდამ განაპირობა ამ პროფილის
სპეციალისტებზე მზარდი მოთხოვნა.
ჩვენთან შემუშავებული სპეციალობის პროგრამის ათვისება საშუალებას აძლევს სტუდენტს
ღრმად და საფუძვლიანად დაეუფლოს ინფორმაციის დამუშავების კომპიუტერულ
ტექნოლოგიას. ამ დარგის სპეციალისტებს შეეძლებათ მუშაობა ყველგან, სადაც
გამოყენებულია დამუშავების მაგნიტური ტექნოლოგია: სამედიცინო და ტექნიკურ–
დიაგნოსტიკურ ცენტრებში, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროთა სტრუქტურების
ინფორმაციულ ცენტრებში, სამშენებლო წარმოების დარგის საპროექტო, სამეცნიერო–
კვლევით და მმართველ ორგანიზაციებში, როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიების
დამპროექტებლები, დამმუშავებლები, კომპიუტერული ცენტრების ხელმძღბანელები,
პროგრამისტები, მონაცემთა ბაზების მართვის სისტემების ადმინისტრატორები და სხვ.
ასევე დიდია მოთხოვნილება ჩვენი მიმართულების (ამჟამად დეპარტამენტის)
კურსდამთავრებულებზე სამთავრობო და ადმინისტრაციული სტრუქტურების
კომპიუტერულ ქვედანაყოფში, საფინანსო და საბანკო სფეროში, უახლესი კომპიუტერული,
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ბაზარზე, კომპიუტერული დიზაინის,
სარეკლამო და საგამომცემლო ბიზნესში, სატელევიზიო სფეროში და ა. შ.
2011 წლიდან მიმართულება გარდაიქმნა მშენებლობის კომპიუტერული დაპროექტების
დეპარტამენტად.
მიმართულების პირველი გამგე და დამაარსებელი იყო პროფ. იუზა ვერულავა (1985–2001
წწ.), 2001 წლიდან 2004 წლამდე (გარდაცვალებამდე) მიმართულებას ხელმძღვანელობდა
პროფ. ნიკოლოზ თოდუა, რომელმაც დიდი როლი ითამაშა მიმართულების მატერიალურ–
ტექნიკური ბაზის გაძლიერებაში. 2004 წლიდან მიმართულებას ხელმძღვანელობს პროფ.
მურმან კუბლაშვილი.
მიმართულების ბაზაზე შეიქმნა სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო–სამეცნიერო
კომპიუტერული ცენტრი, ხელმძღვანელი ჰამლეტ ბაბუციძე. ამჟამად აღნიშნული ცენტრი
აღჭურვილია მძლავრი თანამედროვე კომპიუტერებით და შედის დეპარტამენტის
დაქვემდებარებაში, სადაც მიმდინარეობს როგორც სასწავლო, ასევე კვლევითი სამუშაოები.
დღეისათვის დეპარტამენტს მჭიდრო ურთიერთობა აქვს დამყარებული ნ. მუსხელიშვილის
სახ. გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტთან, ვ. ჭავჭანიძის სახ. კიბერნეტიკის
ინსტიტუტთან, რომლებთანაც ერთად დეპარტამენტმა გაიმარჯვა ევროკომისიის ევრო
გრანტში (საწყისი დაფინანსება 600 000 €) პროექტის სახელწოდებით „თეთრი ხმაურის
კომპიუტერული მოდელირება და მისი გამოყენებები“. დეპარტამენტს მჭიდრო
ურთიერთობა აქვს როგორც დსთ–ს ქვეყნების, ასევე მსოფლიოს სხვა სახელმწიფოთა
შესაბამისი პროფილის დეპარტამენტებთან, სამეცნიერო ორგანიზაციებთან და პროფესიულ
ასოციაციებთან. წარჩინებული სტუდენტები არარერთხელ იყვნენ მივლინებული გაცვლითი
პროგრამის შესწავლის მიზნით ევროპის ქვეყნებში.
თავისი არსებობის მანძილზე დეპარტამენტმა ძალიან ბევრი სპეციალისტი მოამზადა.
ამჟამად იგი ამზადებს როგორც პროფესიულ სწავლებას, ასევე ბაკალავრიატის,
მაგისტრატურისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის სპეციალისტებს.
სტუდენტებს ემსახურება მძლავრი თანამედროვე კომპიუტერებით აღჭურვილი სასწავლო–
სამეცნიერო კომპიუტერული ცენტრი და ორი კომპიუტერული ლაბორატორია. მათ სწავლა–
აღზრდის საქმეზე ზრუნავს 5–ზე მეტი მეცნიერებათა დოქტორი, 10–ზე მეტი მეცნიერებათა
კანდიდატი და 10–ზე მეტი მასწავლებელი, ასისტ. პროფესორი და ტექნიკური პერსონალი