სამესანგრეო დანიშნულების დისტანციურად მართვადი მობილური რობოტი

პროექტის ხელმძღვანელი: მიკროპროცესორული და საზომი სისტემების დეპარტამენტის უფროსი პროფ. ზაალ აზმაიფარაშვილი

პროექტის ავტორი: ფიზიკის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი - გიორგი კობახიძე

სპეციალური დანიშნულების რობოტები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ისეთი ოპერატიული ამოცანების შესრულებაში, როგორიცაა: 1) სახიფათო ზონაში შეღწევა, 2) ფეთქებად საშიში, ქიმიური, რადიაციული და სხვა პოტენციურად საშიში სიტუაციის სენსორების საშუალებით შეფასება და 3) მიღებული ინფორმაციის საკონტროლო - მმართველ პუნქტში გადმოცემა შემდგომი რეაგირებისათვის. რობოტის ეფექტურობა განპირობებულია იმითაც, რომ მას შეუძლია ასაფეთქებელი მოწყობილობების ადგილზე განადგურება ან სახიფათო საგნების დემონტაჟი და ტრანსპორტირება უსაფრთხო ადგილზე.

რობოტი (საქპატენტი №P 2830) კონსტრუქციულად გათვლილია როგორც შენობაში სამუშაოდ, ასევე საველე პირობებში. რობოტის მასა (არაუმეტეს 120კგ) იძლევა მის იოლად ტრანსპორტირების საშუალებას.

მექანიკური სამუშაოების ჩასატარებლად რობოტი აღჭურვილია რამოდენიმე თავისუფლების ხარისხის მქონე მანიპულატორით.

რობოტი შეიარაღებულია წყლის ზარბაზნით (საქპატენტი №P 1848), რომლის დამიზნება ხორციელდება ვიდეოკამერითა და სინათლის სხივით. მასზე ასევე  დამონტაჟებულია ძირითადი ფერადი ვიდეო კამერა, ცვალებადფოკუსიანი ობიექტივით, რომელიც საშუალებას იძლევა გადმოსცეს როგორც საერთო ხედი, ასევე  360°-იანი პანორამა და გადიდებული კადრები.

ძვირადღირებული კვანძები დაცულია მცირე სიმძლავრის აფეთქებებისგან.

კოდირებული ურთიერთკავშირი ბორტისა და ოპერატორის კომპიუტერს შორის ორი სახისაა - კაბელური ან რადიო არხით.

ბორტის კომპიუტერი გამორიცხავს რობოტის მიერ თვითნებურად ბრძანების შესრულებას, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს რადიო არხში გარედან შემოჭრილი სიგნალებით. აგრეთვე, იმახსოვრებს გარკვეული დროის განმავლობაში შესრულებულ ბრძანებათა თანმიმდევრობის ქრონომეტრიასაც და როგორც კი აღმოაჩენს კავშირის გაწვეტას ოპერატორის კომპიუტერთან (რადიო ჩრდილში ყოფნისას), ავტონომიურად იწყებს ამ ბრძანებათა უკუთანმიმდევრობით შესრულებას კავშირის აღდგენამდე.

მიმდინარე პროექტით გათვალისწინებულია, აღნიშნული კონფიგურაციის რობოტის დამატებითი სენსორებით აღჭურვა და პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესება, მექანიკური ნაწილისა და მანიპულატორის მობილურობისა და თავისუფლების ხარისხის გაზრდა.

ბანერები